ზოგადი მიმოხილვა
17-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო) გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სტუ დაარსდა 1922 წელს და წარმოადგენს საინჟინრო უმაღლესი განათლების ლიდერ ინსტიტუციასა და ძლიერ სამეცნიერო ცენტრს. 2005 წელს სტუ შეუერთდა ბოლონიის პროცესს. იგი პარტნიორობს 42 ადგილობრივ და 63 საერთაშორისო კვლევითსა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან. სტუ-ის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა საქართველოში.
ფოჯას უნივერსიტეტმა განათლებისა და კვლევის სფერში დაარსებისთანავე (იტალიის მინისტრის ბრძანებულება 05.08.1999) დინამიკური და ინოვაციური განაცხადი გააკეთა. სასწავლო მოდული ხასიათდება ტერიტორულ საჭიროებებს მორგებული ეტაპებით, გამოყენებითი ადგილობრივი კვლევითი პროექტებით, ინტერნაციონალიზაციით, კულტურული ღონისძიებებითა და საუნივერსიტეტო აქტივობების პოპულარიზაციით.
საქართველოს ტექნიკური და ფოჯას უნივერსიტეტები უკვე წელიწადზე მეტია თანამშრომლობენ. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვნად განამტკიცებს აღნიშნული ორი უნივერსიტეტისა და ქვეყნის ურთიერთობას.
მიზანი
კონფერენციის მიზანია, თავი მოუყაროს მკვლევრებს, მეცნიერებს, პრაქტიკანტებსა და სტუდენტებს სამეცნიერო დისკუსიაში, რომელიც შეეხება ბიზნესსაქმიანობაში ტექნოლოგიების უფრო აქტიურად გამოყენებასთან დაკავშირებულ მიმდინარე და ახლად წარმოქმნილ კვლევით საკითხებს, პრობლემებს, შეკითხვებს, მიგნებებს, მიღწევებსა და ახალ პერსპექტივებს. კონფერენცია, აგრეთვე, უმასპინძლებს დისკუსიებს, მონაცემთა ანალიზს, ქეისების შესწავლასა და ინდუსტრიულ პრაქტიკებს – წარმოდგენილს კვლევითი ნაშრომების სახით. კონფერენცია იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, მონაცემებისა და გამოცდილებების გასაზიარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მკვლევართა პირისპირ შესახვედრად, საერთაშორისო აკადემიური კვლევების ხელშესაწყობად, დისკუსიების გამართვისა და იდეების გაცვლისთვის, ცოდნისა და შედეგების თეორიულად გაზიარებისთვის, საერთაშორისო ჟურნალებში მეცნიერების ნაშრომთა პოპულარიზაციისთვის და მეცნიერთა ინტეგრაციისთვის მსოფილო პროცესებში, ასევე, მომავალი კოლაბორაციისთვის საერთაშორისო პარტნიორების მოსაძიებლად.
შინაარსი
წარმატებით ჩატარებული კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის გარკვეული სფეროების განვითარებაში. განსახილველი საკითხები მოიცავს:
- დიდი მონაცემების ანალიზი და საინფორმაციო და საკომუნკაციო ტექნოლოგიები (ICTs);
- ბლოკჩეინ ტექნოლოგია;
- ზუსტი სოფლის მეურნეობა;
- საინფორმაციო და საკომუნკაციო ტექნოლოგიები მდგრადი განვითარებისთვის;
- ჯანდაცვის ტექნოლოგიები / ბიოსამედიცინო ინჟინერია;
- ციფრული მარკეტინგი;
- მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი.
- სამართლებრივი უზრუნველყოფა
დღევანდელ ციფრულ სამყაროში ტექნოლოგიები და მათი გამოყენება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ადამიანების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მომავალი განვითარებისთვის. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICTs) ძლიერი ხელსაწყოა მდგრადი განვითარებისთვის და მათი გამოყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს, ასევე, გამოავლენს ინოვაციურსა და გაუთვალისწინებელ სცენარებს.
ICTs-ს აქვს პოტენციალი, გააუმჯობესოს სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და ინოვაციების სისტემა, ასევე, მიაღწიოს მნიშვნელოვან სარგებელს. მდგრადი სასოფლო-სამეურნეო წარმოება და პროდუქტიულობა დიდწილად დამოკიდებულია კვლევებში მიღწეულ წარმატებებსა და მიწოდების ჯაჭვში მათ ეფექტურ გამოყენებაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის მეშვეობით. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს აქვს პოტენციალი, გააუმჯობესოს წარმოების პროცესის მთელი ხაზი და გარემოზე ზეგავლენა ეკოლოგიის, ეკონომიის, საკვების უსაფრთხოების და ხარისხის თვალსაზრისით, რაც ქვეყნებს უზრუნველყოფს ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი კეთილდღეობითა და მოსახლეობის ჯანმრთელობით.
რაც შეეხება მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტს (SCM), ის წარმოადგენს თითქმის ყველა ბიზნესის განუყოფელ ნაწილს და აუცილებელია კომპანიის წარმატებისა და მომხმარებელის კმაყოფილებისთვის. ნებისმიერი ბიზნესის წარმატება მეტწილად დამოკიდებულია მიწოდების ჯაჭვის ხარისხზე. მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი ქმნის ფუნდამენტს ეკონომიკური ზრდისთვის, მისი პროფესიონალები ქმნიან და ამუშავებენ საზოგადოებისთვის საჭირო ყველა მიწოდების ჯაჭვს და აკონტროლებენ ტრანსპორტირებას, ინვენტარის მენეჯმენტს, შეფუთვასა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს. შედეგად, მიწოდების ჯაჭვის სფეროში არის ბევრი განსხვავებული სამუშაო. მენეჯერები, როგორც ქსელის დიზაინერები, ავითარებენ მიწოდების ენერგოეფექტურ ჯაჭვს, რომელიც ნაკლებ რესურსებს იყენებს, ეს კი, თავის მხრივ, გარემოს არასასურველი დაბინძურების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის საზოგადოებრივი როლი მოიცავს ადამიანთა ჯანდაცვის გაუმჯობესებასა და კლიმატის ცვლილებისგან თავის დაცვას.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას გვაძლევს, გამარტივებულად შევაგროვოთ ფასდაუდებელი მონაცემები მრავალი სხვადასხვა წყაროდან, ამიტომ ყველა თანამედროვე ორგანიზაცია ცდილობს, გამოიყენოს საინფორმაციო სისტემები თავიანთ მიწოდების ჯაჭვში, რათა მიაღწიონ დასახულ მიზანს და მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა. ამ ყველაფრის მიღწევა უფრო რეალური იქნება ICTs-ისა და BDA-ის (დიდ მონაცემთა ანალიზი) მექანიზმების გამოყენებით, ვინაიდან დიდი მონაცემების ანალიზს, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, აქვს უმნიშვნელოვანესი პოტენციალი, იწინასწარმეტყველოს ორგანიზაციული ოპერაციების შედეგები და ხელი შეუწყოს შესაბამისი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას.